ღვინის გზა - ჟურნალმა Vogue-მა საქართველოში ტურიზმის ზრდა ქართულ ღვინოს დაუკავშირა
მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ჟურნალმა Vogue-მა 2017 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებების სია გამოაქვეყნა, რომელშიც პირველ ადგილზე საქართველო აღმოჩნდა.
ჟურნალისტი საქართველოზე საუბრის დროს ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ტურისტული კუთხით მიმზიდველობის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საქართველოში მაღალხარისხიანი ღვინო იწარმოება და ტურისტების ნაწილი სწორედ ღვინის გამო სტუმრობს ჩვენს ქვეყანას. სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ ქართული ღვინო გამორჩეული სასმელია და ნაკლებად ჰგავს ევროპულ ღვინოებს.
პოპულარული გამოცემა აღნიშნავს, რომ ახლა საქართველო მზადაა უმასპინძლოს მოთხილამურეებსა და სნოუბორდისტებს, რომლებსაც კავკასიის მთების მონახულება სურთ.
მეორე და მესამე ადგილებზე ომანი და მალაიზია მოხვდნენ. ათეულში ასევე შევიდა მადაგასკარი, შრი-ლანკა, ტრინიდადი და ტობაგო, აიდაჰო, იორდანია, დანია და კოლუმბია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოს 2016 წლის იანვარ-ნოემბერში 5,8 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია, მათგან 2,5 მილიონზე მეტი - ტურისტი.