Vogue საქართველოს 2017 წლის ყველაზე ცხელ სამოგზაურო მიმართულებებს შორის პირველ ადგილზე ასახელებს

გამოცემა Vogue საქართველოს 2017 წლის 10 ყველაზე ცხელ სამოგზაურო მიმართულებებს შორის პირველ ადგილზე ასახელებს.

გამოცემა საქართველოში სამოგზაუროდ რამდენიმე მიზეზს ასახელებს, - ერთ-ერთი მათგანი ქართული ღვინოა, Vogue ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს განსაკუთრებით თბილისის მონახულებას ურჩევს, ღამის გასათენებლად გამოცემის რჩეული სასტუმრო „რუმს თბილისია“.

„Bassiani საუკეთესო ადგილობრივი ღამის კლუბია, რომლის სცენასაც ელექტრონული მუსიკის მსოფლიოს საუკეთესო შემსრულებლები იკავებენ. ქალაქის ურბანული არტისტების შეკრების საუკეთესო ადგილი კი Fabrika-ა, საბჭოთა კავშირის დროინდელი სამკერვალო ფაბრიკა დღეს თბილისის კულტურული ღონისძიებების კერაა“, - ვკითხულობთ სტატიაში.

გარდა ამისა, გამოცემა საქართველოში მოგზაურობას იმ ტურისტებსაც ურჩევს, ვისთვისაც პრიორიტეტს სამთო-სათხილამურო კურორტები წარმოადგენს.

საქართველოსთან ერთად წლის საუკეთესო მიმართულებებს შორის დასახელდა მალაიზია, მადაგასკარი, შრი ლანკა, იორდანია, დანია.