Vogue-ს მიხედვით, 2017 წელს საქართველო საუკეთესო ადგილია სამოგზაუროდ
ჟურნალი Vogue ახალი წლის დადგომასთან ერთად მოგზაურობის მოყვარულებს 2017 წლის საუკეთესო სამოგზაურო ადგილებს სთავაზობს. 10 ქვეყნისგან შემდგარ სიაში საქართველო პირველ ადგილს იკავებს.
საქართველოს მთებში სრიალის ახალი მეთოდის - Heli-skiing დახმარებით, მსოფლიოს შორეული ადგილები გახდება უფრო ხელმისაწვდომი, ვიდრე ოდესმე ყოფილა” - წერს Vogue.
სტატიის მიხედვით, საქართველომ (ქვეყანამ, და არა შტატმა) უკანასკნელ წლებში ყურადღება გამაოგნებლად შესანიშნავი ღვინით მიიქცია. თუმცა, როგორც ავტორი წერს, ქართული ღვინო მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ უნდა ვესტუმროთ საქართველოს.
ჟურნალი თბილისს ბრუკლინს ადარებს: ,,ახალგაზრდულ და კრეატიულ დედაქალაქს ბრუკლინის ელფერი დაჰკრავს". სტატიაში ყურადღება გამახვილებულია Rooms Hotel-ზე, როგორც სუპერ-დიზაინის მქონე ადგილზე, რომელიც ქალაქის ხელოვნების, მუსიკისა და საკვების აღმოჩენაში გვეხმარება.
ასევე, აღნიშნულია Bassiani - საუკეთესო ადგილობრივი მუსიკალური სივრცე, რომელიც თავს მსოფლიოს საუკეთესო მუსიკალურ შემსრულებლებს უყრის. Vogue-ს ყურადღებას, ასევე, იქცევს Fabrika - საბჭოთა კავშირის დროინდელი სამკერვალო ქარხანა, რომელიც კულტურულ სივრცედ იქცა და თბილისის ურბანულ არტისტებს აერთიანებს.
სტატიაში, ასევე, აღნიშნულია ქართული კერძები და ინოვაციური რესტორნები, მათ შორის - Le Montrachet. დასასრულს, გამოცემა წერს, რომ Rooms Hotel-ისა და Kazbegi Helicopters-ის ახალი შეთანხმების შედეგად, საქართველო ზამთარში სრულიად ახალი ,,მოედანი” ხდება. ჟურნალის მიხედვით, საქართველო ექსტრემალურ მოთხილამურეებსა და სნოუბორდერებს კავკასიონის მთებში ახალი, ხელშეუხებელი ტერიტორიით ელოდება.
ავტორი: ელენე დანელია