საზოგადოება - ჟურნალმა Vogue-მა საქართველო 2017 წელს ათ საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებას შორის დაასახელა

პოპულარულმა ჟურნალმა Vogue-მა 2017 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულებების სია გამოაქვეყნა, სადაც ტოპ-ათეულში საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

Vogue-ის ჟურნალისტის, ჯენ მერფის თქმით, საქართველო ბოლო წლებში საუცხოო ღვინით ძალიან პოპულარული გახდა, მაგრამ ღვინის გარდა, ქვეყანაში ბევრი საინტერესო სანახაობისათვის მოგზაურობენ. მისი თქმით, საქართველოს დედაქალაქი თბილისი ახალგაზრდებისთვის ბრუკლინის სტილის გასართობ ცენტრად იქცა და ქვეყანა ცნობილი გახდა ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის.

"საქართველო მზად არის მოთხილამურეებისა და სნოუბორდის მოყვარულთათვის ზამთრის ტურისტული მიმართულების ახალ ცენტრად იქცეს. ზამთრის სპორტის მოყვარულებს საქართველოში კავკასიონის მთების ხელშეუხებელი რელიეფი იზიდავს", - წერს ჯენ მერფი.

საქართველოს გარდა Vogue-ის საუკეთესო ათეულშია: ომანი, მალაიზია, მადაგასკარი, შრი-ლანკა, ტრინიდადი და ტობაგო, აიდაჰო (აშშ), იორდანია, დანია და კოლუმბია.